თბილისის მერიის განცხადებით, მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. კერძოდ, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება.
„პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.
მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“ - ნათქვამია განცხადებაში.