გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები კუთვნილ მიწის ფართობზე და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 24 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), თხმელას (მურყანი) სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წიფლის სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი.
2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი დაილუქა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შუბანსა და დარჩიძეებში.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.