რუსული მთავრობის ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას, არის რუსული კანონის ნაირსახეობა, - ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ხელისუფლებას ეშინია მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შეიძლება გამოხატონ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც დღეს გამოვა საქართველოს პარლამენტის ბიუროზე, წარმოადგენს „რუსული კანონის“ მორიგ ნაირსახეობას, რომელიც მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟირების მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, ისევე როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთოს, ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს. მოვუწოდებთ პარლამენტს , ვენეციის კომისიის და ეუთო, ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე, რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა ვერ შეაშინებს საქართველოს მოქალაქეებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ, თუმცა მსგავსი მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან უდავოდ ჩრდილს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.