გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში კარგი ეკონომიკური ტენდენციები გვქონდა, 2021 და 2022 წლებში დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა დამატებითი შემოსავლები და შესაძლებლობა გააჩინა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია. 2 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა დეფიციტი შეგვემცირებინა 9,3%-დან 3,1%-მდე. ასევე ვალი 60%-იანი ნიშნულიდან ჩამოგვეყვანა 40%-ზე დაბალ ნიშნულზე“, - განაცხადა მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, პირველ კვარტალში 7,7% იყო ეკონომიკური ზრდა, 7 თვის მონაცემებით კი 7,2% გვაქვს. ორივე შემთხვევაში მონაცემი პროგნოზირებულზე უფრო მაღალია.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესრულების მაჩვენებლები გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ 2023 წლის გეგმური მაჩვენებლები, როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები იზრდება 520 მლნ ლარით, საიდანაც 420 მლნ მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და 100 მლნ მუნიციპალურ ბიუჯეტებში. 315 მლნ ლარით იზრდება ასევე სხვა შემოსავლები, საიდანაც 200 მლნ სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება, ხოლო 115 მლნ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შევა. ჯამში შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში 835 მლნ ლარით იზრდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში ეს მოცულობა 620 მლნ ლარია.
„შემოსავლების პარალელურად ვცდილობთ უფრო ნაკლები მოცულობით ავიღოთ ვალი და წარმოდგენილი ცვლილებებით 363 მლნ ლარით მცირდება ვალის აღების დაგეგმილი მაჩვენებელი, რის გათვალისწინებითაც ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები საგრძნობლად იზრდება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მან უწყებების მიხედვით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით შესრულების მაღალ მაჩვენებელზე, რაც წლის პირველ ნახევარში, ჯამში 353 მლნ ლარს შეადგენს, ეს კი დაგეგმილი მაჩვენებლის 98,5% -ია. მომხსენებლის ინფორმაციით, უშუალოდ გარემოს დაცვითი პროგრამების კუთხით შესრულების მაჩვენებელი კარგია. მათ შორის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის მიმართულებით 11 მლნ ლარია ათვისებული, დაცული ტერიტორიების ნაწილში - 12 მლნ ლარი, სატყეო სისტემაზე - 9 მილიონ 270 ათასი ლარი. ველური ბუნების სისტემის ჩამოყალიბებაზე 675 ათასი ლარია გაწეული ხარჯი, განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით 1 მლნ 500 ათასი ლარია ათვისებული, კარგი შესრულების მაჩვენებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებითაც.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით, ჯამურად 431 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სხვადასხვა მხარჯავი უწყებების მიმართულებით.
კომიტეტმა ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიში ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს.