ამდენი წელია, მინისტრი ვარ, ოპოზიციის ნაწილში ასეთი უინტერესო „მინისტრის საათი“ მე არ მქონია. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ კრიზისი, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელსაც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.
წულუკიანის თქმით, „დესტრუქციულმა ოპოზიციამ რადგან ომს ვერ მიაღწია, ცდილობს, მოაწყოს პროვოკაციები ქუჩაში და დესტაბილიცაზია“.
„დღევანდელი „მინისტრის საათი“ რომ შევაჯამოთ, ამდენი წელია, მინისტრი ვარ, ოპოზიციის ნაწილში ასეთი უინტერესო „მინისტრის საათი“ მე არ მქონია. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ კრიზისი. ჩვენ დღეს დარბაზში ვიხილეთ დესტრუქციული ოპოზიციისგან შემდეგი სურათი – დესტრუქციულ ოპოზიციას დარბაზში არ ჰყავდა კაცები, მათ ჰყავდათ მხოლოდ ოთხი ნერვებაშლილი ქალი და არმაზ ახვლედიანი. ეს არის მათი დიაგნოზი. მათ ვერ მიაღწიეს ომს და ახლა, როგორც ჩანს, შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, როდესაც დესქტრუქციული, მაგრამ ოპოზიცია, რომელიც აირჩია ხალხმა, უარს ამბობს, იჯდეს დარბაზში და თავის სტრატეგიად ირჩევს იმ უზრდელობას, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ ქალების მხრიდან, ირჩევს ჩხუბს და მუშტი-კრივს, ირჩევს მუქარას და სხვა ამგვარ ქცევებს. ეს ნიშნავს, რომ რაკი ომს ვერ მიაღწიეს, ცდილობენ, ამ ქვეყანაში მოაწყონ პროვოკაციები ქუჩაში და დესტაბილიცაზია. ეს ჩემთვის ამას ნიშნავს.
ჩვენ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში შევეცდებით, რომ ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გაგრძელებული ყველა იმ სამართალდამცველით, ვისაც სახელმწიფოში სტაბილიზაციის უზრუნველყოფა ევალება. ჩვენი სამინისტრო ამ პროცესში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავის წვლილს შეიტანს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.