მიმდინარეობს დისკუსია, რა არის ახლა ყველაზე ადეკვატური მოქმედება ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის დასავლური არჩევანის დასაცავად, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
მისი თქმით, უახლოეს ხანებში საზოგადოებას აცნობებენ ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ.
„ბიუროს სხდომაზე ფრაქციამ დავაყენეთ ინიციატივა, რომ საპარლამენტო სხდომა გახსნილიყო პოლიტიკური დებატით, რომ გვესაუბრა იმაზე, რაც არის ყველაზე მწვავე, როცა ვხედავთ, რომ ფარცხალაძის, რუსი ჯაშუშის დასაცავად ანგრევს ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუტებს, მარტივ მამრავლებად შლის ჩვენს სახელმწიფოს და ასე აბარებს რუსეთს. ესაა მიზანმიმართული მცდელობა სტატუსის საბოტაჟის, ამერიკელების დაწესებული სანქციების დარღვევა, ესაა ყველაზე მწვავე საკითხი და არ შეიძლება პარლამენტში ამაზე პოლიტიკური დებატებიც კი არ შედგეს. ამის მოთხოვნისას საჭიროა დეპუტატთა ერთი მეხუთედი, რაც ოპოზიციაში გვაქვს და ყველა შემოუერთდა ამ ინიციატივას, ამიტომ არსებობდა ფორმალურადაც საფუძველი ჩატარებულიყო ეს დებატი. ჩვენ დღეს აუცილებლად შევიკრიბებით, უკვე ახლაც მიმდინარეობს დისკუსია, თუ რა არის ახლა ყველაზე ადეკვატური, სწორი მოქმედება პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დასავლური არჩევანი, ამაზე ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება და უახლოეს ხანებში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა იქნება ერთობლივი, გადაწყვეტილება.”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.