არავის გადატრიალება ამ ქვეყანაში არ სურს, მითუმეტეს “ნაციონალურ მოძრაობას”. “ნაციონალურ მოძრაობას” სურს მშვიდობით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რაც კონსტიტუციით არის გაწერილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა
მისი თქმით, სუს-ის განცხადება უბრალოდ სიცილის მომგვრელია.
“ჩვენ, სამწუხაროდ, არაერთხელ ვიხილეთ მსგავსი განცხადება. ყოველ წელს მსგავს განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს თავიდან ბოლომდე ბოდვაა, არავის გადატრიალება და არც გადმოტრიალება ქვეყანაში არ სურს. მითუმეტეს “ნაციონალურ მოძრაობას”. “ნაციონალურ მოძრაობას” სურს მშვიდობით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რაც კონსტიტუციით არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, ამ ყველა შეფასებას და ბოდვას, რა თქმა უნდა, მხოლოდ უნდა დავცინოთ, რადგან სიცილის მომგვრელია ეს ყველაფერი.
მე მწუხარების მეტი არაფერი არ შემიძლია ასეთ შეფასებაზე. რა თქმა უნდა, არც მერაბიშვილს, არც სხვა გულშემატკივარს ჩვენი პარტიისას, არ სურს რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და გადატრიალება. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ არ არის სერიოზული და მოგონილი არის იმისთვის, რომ გადაფარონ ფარცხალაძის თემა, ღარიბაშვილის ვოიაჟები ბორტით და სხვა პრობლემური საკითხები, რაც ქვეყანაში გვაქვს, იგივე შოვის ტრაგედია. ის დანაშაული, რაც სახელმწიფომ ჩაიდინა ამ ტრაგედიის დროს და ამ ყველაფრის გადასაფარად მოგონილია ეს საკითხი,”- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.