ხვალ, 21 დეკემბერს, მოსკოვში ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" ანალოგი გაიხსნება.
"ქუთაისში აფეთქებული "დიდების მემორიალის" მოსკოვში აღდგენა საქართველოსთვის ცხვირში კიდევ ერთი გარტყმა იქნება, რომელმაც ისტორიული ხსოვნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა", _ აცხადებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 2009 წლის 29 დეკემბერს მემორიალის აღდგენაზე საუბრისას.
პუტინმა მემორიალს აღდგენით სამუშაოში მონაწილეობის მიღება ავტორს, მერაბ ბერძენიშვილსაც შესთავაზა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თუკი ავტორი სამუშაოში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა რუსეთი მისი ნებისმიერი რჩევის მიცემისთვის მადლობელი იქნებოდა. ბერძენიშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრე ავდეევს შეთავაზებაზე, აღედგინა მემორიალი მოსკოვში, მაგრამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მემორიალის აღდგენა შეუძლებელია. მისი თქმით, უკვე გარდაცვლილია ძეგლის არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი. არ დარჩა არც პროექტი, არც მაკეტი და არც ესკიზები. ასევე აღარ არსებობს დაწესებულება, სადაც მემორიალი დამზადდა. ბერძენიშვილი აღნიშნავდა, რომ სწორედ ამის გამო უთხრა უარი რუსეთს ძეგლი აღდგენაზე. ამასთან, ერთად იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმისა, რომ მემორიალი სხვა ავტორს აღედგინა. მისი თქმით, მას პირადად უკვე ძალა აღარ აქვს და აღდგენის შემთხვევაში "ეს უკვე მემორიალის პაროდია იქნება და სხვა არაფერი".
ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" ყველაზე კარგ ანალოგად მოსკოვში, ხმათა უმრავლესობით, პროექტი სახელწოდებით "რაიხსტაგი" აირჩიეს. სწორედ ეს პროექტი მოეწონა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს _ ეს არის სიმბოლო რუსი და ქართველი ხალხის ერთობლივი ბრძოლისა ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს მემორიალი მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" აღიმართება - წერდა "როსიისკაია გაზეტა".
მემორიალი პოკლონნაია გორაზე მდებარე "ხსოვნის ხეივანში" - დიდი სამამულო ომის მუზეუმის უკან აღიმართება. "ხსოვნის ხეივანში" არის სინაგოგა, უკრაინული ძეგლი და წმინდა გიორგის ტაძარი. იქ ასევე განთავსებულია ესპანური ჯვარი, იქნება ბუდისტური ქანდაკებაც, ასევე სომხური ქანდაკება.
მოსკოვის მაშინდელი მერის, იური ლუჟკოვის გადაწყვეტილებით, მემორიალის ანალოგის დადგმასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება, ადგილის შერჩევა და კონკურსის ორგანიზება მოსკოვის მთავარ არქიტექტორს ალექსანდრე კუზმინს დაევალა. სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20 სამხატვრო კოლექტივმა რუსეთიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან, რომლებმაც 25 პროექტი წარადგინეს.
ყველა პროექტი "მოსკომარქიტექტურის" საგამოფენო დარბაზში იყო წარმოდგენილი. კომისიამ მათგან ექვსი საუკეთესო შეარჩია და დიდ სამამულო ომის დიდების დარბაზში გამოფინა. ყველა მსურველს შეეძლო, ხმა მიეცა მოწონებული პროექტისთვის. დიდი სამამულო ომის მუზეუმში თავისი აზრი 1500-ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა და 65 000-მა ინტერნეტით მისცა ხმა. მათმა უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა პროექტს პირობითი სახელწოდებით "რაიხსტაგი".
გამარჯვება მოიპოვა სამხატვრო კოლექტივმა, რომელსაც რუსეთის დამსახურებული მხატვარი სალავატ შერბაკოვი და სახალხო მხატვარი ანდრეი კოვალჩუკი ხელმძღვანელობენ.
პროექტი "რაიხსტაგი" _ რაიხსტაგზე დროშის აღმართვით გამარჯვების აპოთეოზის გამოხატულება. დროშასთან დგანან სერჟანტი ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი ქანთარია. უფრო ქვემოთ - განმათავისუფლებელი ჯარისკაცები საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან. პროექტში არის უკანა ფონი - კედელი, რომელიც ქუთაისში დანგრეული "დიდების მემორიალის" სილუეტია.
მემორიალისთვის თანხა შემოწირულობებით შეგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟი 2009 წლის 19 ნოემბერს განხორციელდა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა.