გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ ტვ პირველთან ინტერვიუში თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თბილისის ყოფილი პროკურორის თქმით, გამოძიება სულ მცირე ორი მიმართულებით უნდა დაიწყოს: პირველი ეს არის სამოხელეო დანაშაული და მეორე, მწარიაშვილს მიაჩნია, რომ შოთაძის უწყებამ ფულის წარმომავლობაზეც უნდა დასვას კითხვები.
„გამოძიების დაწყება ეს არ არის პროკურატურის უფლება, ეს არის ვალდებულება მაშინ, როდესაც ამბავი, ცნობა ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება უჯერებს მხოლოდ საკუთარ თვალებს და ყურებს და არ ეყრდნობა იმ განმარტებებს, რას გააკეთებს კობახიძე, მდინარაძე და ახლა ახალი ჭკუის დამრიგებელი გამოუჩნდა პროკურატურას - ოდიშარია.
პროკურატურა ასეთ დროს ხომ ვერ იტყვის, მე მჯერა რაზეც საუბრობს კობახიძე, მე მჯერა ოდიშარია რაზეც საუბრობს ან მდინარაძე, მჯერა არ მჯერა და რწმენის საკითხი არ არის ეს.
ამიტომ ჩვენ, როდესაც დანაშაულის ნიშნებზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვვარაუდობთ ერთი შეხედვით ან სამოხელეო დანაშაულების უკან, შესაძლოა, არაერთი პირის და არაერთი უწყების სამოხელეო დანაშაულებს და ვვარაუდობთ დაუსაბუთებელ და უკანონო ფულს. ანუ დანაშაულის ნიშნები აქ არის, ახლა ამაში, რომ უნდა გაერკვეს პროკურატურა თავისით და არა კობახიძის მონაყოლით -ეს ორჯერ ორი ოთხია.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ასე სალარო არ არსებობს, რომ მიხვიდე და ფული მიიტანო ქეშად, ამიტომ აქ გამოძიება არის ჩასატარებელი. ჩვენ პროკურატურას სხვა შემთხვევაში არ ეზარება ხოლმე ბრიფინგები. ამიტომ აქაც უნდა გაარკვიოს ეს ამბები და მერე გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობით ასეთი ბრიფინგი უნდა მოგვასმენინოს პროკურატურამ, რა გაარკვია", - განაცხადა მწარიაშვილმა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.