ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ანზორ ჩუბიძინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ხარჯები სრულად მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ამ კომიკურ ზღაპრებსა და ბოდვას არავინ დაიჯერებს, რომ ღარიბაშვილის მამამ რაღაც გადაიხადა, მით უმეტეს თავად ღარიბაშვილის განცხადების მერე.
„მან ფაქტობრივად ირიბად დაადასტურა, ოღონდ წინა მთავრობა, კონკრეტულად პრეზიდენტი უფრო უარესად იქცეოდაო. მთავარი ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ასე არის აწყობილი. მთელი სახელმწიფო აპარატი ივანიშვილის მიერ ამა თუ იმ თანამდებობაზე შერჩეულ პერსონებს ემსახურება კანონების და რეგულაციების მიღმა.
ეს ყველაფერი ხდება არა რამე ეროვნული ამოცანებისთვის, არამედ უბრალო პერსონალური კომფორტისთვის და ამის გამართლება ხდება წარსულის არასწორ ნაბიჯებზე საუბრებით. ამიტომ ერთადერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ამ რეჟიმის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება ვერცერთი მიმართულებით, მხოლოდ ჩიხში შევალთ კიდევ უფრო ღრმად“ - თქვა გიგა ბოკერიამ.