ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა. ერთი მხრივ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უკვე საქართველოში მას დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეეხება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე.
მეორე მხრივ, აქცენტები იქნება გაკეთებული დღეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით. ბორელის ვიზიტიც სპეციალური გზავნილია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ვიზიტის პირობებში ბორელს შეხვედრები ექნება ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო წარმომადგენელთან, უმაღლეს თანამდებობის პირებთან. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და, მეორე მხრივ, ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ოქტომბერში ველოდებით ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელმაც ასე ვთქვათ, უნდა მიგვიყვანოს დეკემბრამდე, როდესაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იყოს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.