ჩოხატაურში, დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებას „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მანიპულაციაა. მათივე განმარტებით, საკრებულომ განიხილა მხოლოდ ტერიტორიის ის მცირე მონაკვეთი, რომელსაც ფუნქცია დაკარგული აქვს, დანარჩენ პერიმეტრზე კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„მინდა, გავაკეთო განცხადება შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისება არის დაგეგმილი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ადგილას, რომელიც გახდა საკამათო და სადავო, დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები, რასაც იმთავითვე ვემიჯნები. საუბარი არის მხოლოდ ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელსაც, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ფუნქცია და შესაბამისად, ფულად საკრედიტო ორგანიზაციის შემოყვანის თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის მოთხოვნა დაუკმაყოფილა მერიას, არანაირი გასხვისება ჯერ არ მომხდარა. სინამდვილეში, სადაც არის დუმბაძის სკვერი, მისი ბიუსტი, პრემიერის ინიციატივით, განახლებული რეგიონების ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს.
ძალადობრივი აქტები კი არ უნდა იყოს, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიყვანოთ საკითხი. თუ ოპონენტებს, მათ შორის აქტივისტებს აქვთ სურვილი და ეჭვქვეშ აყენებენ, ამ გადაწყვეტილებას აქვს სამართლებლივი ხარვეზი, სასამართლოში გავაგრძელოთ დავა და შესაბამისად, დამთავრდეს ამაზე საუბარი. ეს არის სიმართლე და მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ჩოხატაური არც დუმბაძის, არც ანა კალანდაძის სკვერის გაყიდვას არ აპირებს. გადავიტანოთ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში“,- განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ.