„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ქალაქის ცენტრში „ქართულ ოცნებას“ არავინ მიუყვანია, - ამის შესახებ ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშენიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები განზრახ დააყენეს და ჩხუბი მოაწყვეს და ასე შემდეგ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ძალიან ბევრი ხალხი იყო, მთელი ჩოხატაური იქ იყო და ყველამ კარგად იცის, რა როგორ მოხდა. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ „ქართული ოცნების“ წევრები იდგნენ იქ განზრახ. კვირა დღეა და ამ დღეს მთელი ჩოხატაური ჩადის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თან არა ჩოხატაურელები, ჩამოდიან აქ, ჩვენთან ჩოხატაურში და გვასწავლიან, რა, როგორ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ, ჩვენი ჩოხატაურისთვის ძალიან კარგად ვიცით, რას გავაკეთებთ, რა მოუხდება და რა იქნება უკეთესი“, - განაცხადა ჩოხატაურის მერმა.
„ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, გურიაში ჩასულ პარტიის წევრებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმ დროს დაუპირისპირდნენ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარის ორგანიზებაში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებს. თავად ჩიგოგიძე ყველაფერს უარყოფს.