გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას აკადემიკოს მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ულუგბეკ აბდუგანიევი ხელმძღვანელობდა.
„მისასალმებელია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება, რაც ბიძგს მისცემს მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდეს ურთიერთობები. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთს გავუზიაროთ აგრარული დარგის სხვადასხვა მიმართულებით არსებული წარმატებული გამოცდილება, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო და ეფექტიანი იქნება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ულუგბეკ აბდუგანიევმა შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლებში, უზბეკეთში აქტიურად ვითარდება მევენახეობა- მეღვინეობის დარგი; უზბეკური მხარისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის და მეჩაიეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს გამართავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები
აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმება საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის (17-18 ივლისი) ფარგლებში შედგა.