კელი დეგნანს ჰკითხეთ, რა იგულისხმა ძირის გამომთხრელ საქმიანობაში. არჩევნებზე გამოჩნდება, ვინ რა ძირის გამოთხრას აპირებს თუ არ აპირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოსლკის ჰკითხეს კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან აღნიშნა: „სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს“.
ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან დეპუტატები საწინააღმდეგო მოსაზრებებს თუ აფიქსირებენ, ეს დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებისგან გადახვევას არ ნიშნავს.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყნა, სადაც ათი წლი გავატარე. ამერიკისა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ მწვავე გადაძახილები მინახავს, მათ შორის მაღალი ტრიბუნებიდან, გაერო-ში იქნება თუ ვაშინგტონში. ასეთი პოლემიკა აბსოლუტურად ნორმალური დემოკრატიული პროცესის ნაწილია და წარმოუდგენელ ანომალიად არ უნდა მივიჩნიოთ, ევროპისგან, დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებისგან გადახვევას არ ნიშნავს.
ჩვენ რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრებები თუ გვაქვს, თუნდაც ამერიკის ელჩის მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრონული არჩევნები შეიძლება, გაყალბდეს ან მოუწოდებს საზოგადოებას, გამოვიდნენ, რევოლუციურ პროცესში ჩაერთონ, ნორმალურია, თუ ამას ვუპასუხებთ.
ყოველ შემთხვევაში, ამერიკელებისთვის და ვიღაცისთვის შეიძლება, ნორმალური არ იყოს. მთავარია, მართალი იყო და შენს ქვეყანას ემსახურებოდე, რათა ამ ურთულეს პერიოდში მისი სამშვიდობოს გაყვანა უზრუნველყო. კელი დეგნანს ჰკითხეთ, რა იგულისხმა ძირის გამომთხრელ საქმიანობაში. ეს პირველი განცხადება არ არის, თუნდაც კელი დეგნანისგან. ანომალიურად არ უნდა მივიჩნიოთ, თუ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს ამერიკელისთვის გასაკვირი არ არის. ასეთ დემოკრატიაზე ვითარდებოდა და ვითარდება დღესაც, მომავალშიც ამ დემოკრატიაზე იქნება აგებული ამერიკის შეერთებული შტატები. აზრთა და შეხედულებათა დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. არჩევნებზე აუცილებლად გამოჩნდება, ვინ როგორ ფიქრობს და ვინ რა ძირის გამოთხრას აპირებს თუ არ აპირებს“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.