გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 787.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 27.7%-ით აღემატება.
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულია 89.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 2.2%-ით მეტია.
უწყების ცნობით, გაზრდილია სასმელების, ცოცხალი ცხოველებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტიც. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების, ღვინის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების, მოცვის და დაკონსერვებული ხილის შემთხვევებში. 2023 წლის 7 თვის მონაცემები (იანვარი-ივლისი) ასე გამოიყურება:
- ღვინის ექსპორტის ღირებულება - 150.5 მლნ აშშ დოლარი (24.3%-იანი ზრდა);
- სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 98.8 მლნ აშშ დოლარი (46.1%-იანი ზრდა);
- მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება - 77.1 მლნ აშშ დოლარი (38.2%-იანი ზრდა);
- უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 67.1 მლნ აშშ დოლარი (62.5%-იანი ზრდა);
- მოცვის ექსპორტის ღირებულება - 18.2 მლნ აშშ დოლარი (118%-იანი ზრდა);
- ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის ღირებულება - 36.0 მლნ აშშ დოლარი (65%-იანი ზრდა);
- ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება - 15.3 მლნ აშშ დოლარი (66%-იანი ზრდა);
- თევზის ცხიმის ექსპორტის ღირებულება - 15.2 მლნ აშშ დოლარი (35%-იანი ზრდა);
- ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება - 9.7 მლნ აშშ დოლარი (38%-იანი ზრდა);
- დაფნის ექსპორტის ღირებულება - 9.0 მლნ აშშ დოლარი (21%-იანი ზრდა);
- ლოკოკინის ექსპორტის ღირებულება - 368.3 ათასი აშშ დოლარი (49%-იანი ზრდა);
- აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, თაფლის ექსპორტი (ექსპორტის ღირებულება 390 ათასი აშშ დოლარი) 12 ქვეყანაში განხორციელდა და ძირითად საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის წევრი ქვეყნები (ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია) წარმოადგენდნენ. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ჩინეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.