არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი.
{...}რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი.
ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, კიდეებში მასის სიმაღლე იყო დაბალი, შესაბამისად, იქიდან გამოსვლა იყო შესაძლებელი და ყველა ასეთი ადამიანის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი უახლოეს პერიოდში. ამაზე მაქვს ზუსტად საუბარი, რომ ვინც გადაურჩა ღვარცოფულ მასას, ყველას იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი დაღამებამდე და ამაზე საუბრობდა შინაგან საქმეთა მინისტრიც. მაგრამ ვინც მოჰყვა თვითონ ამ მასაში, მათი გადარჩენა იყო, პრაქტიკულად, შეუძლებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტიქიის შემდეგ, ერთ-ერთმა გადარჩენილმა დავით ჯელაძემ მედიასთან გაიხსენა, როგორ გადაურჩა სტიქიას. მას მცირეწლოვან დისშვილთან ერთად დაახლოებით 400 მეტრის გასავლელად და უახლოეს სასტუმრომდე მისასვლელად ორ საათზე მეტი დასჭირდა.
მან ასევე სოციალურ ქსელში სტიქიაში მოყოლილი ანასტასიას ფოტო გამოაქვეყნა: ".. ეს ანასტასიაა ჩემი უშიშარი და მებრძოლი, ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა " ღმერთო გადაგვარჩინე არ მინდა სიკვდილი" ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის ", - წერდა დავით ჯელაძე.