რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი ისევ დაბომბეს. საოკუპაციო ძალების დარტყმების შედეგად რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ჩვილი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დაბომბეს სოფელი სტანისლავი, სადაც დაიღუპა 2 ადამიანი, რამდენიმე დაიჭრა. მისივე თქმით, დაზიანდა და დაინგრა ხუთი კერძო საცხოვრებელი სახლი.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა დაბომბეს შიროკა ბალკა, სადაც დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი და მათი 23 დღის გოგონა, დაიჭრა ასევე მათი 12 წლის ბიჭი.
შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით, სოფელ სტანისლავს მტერმა ცეცხლი 12-ჯერ გაუხსნა. დაიჭრა 12 წლის ბიჭი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
ამასთან, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, მტერი მიზანმიმართულად ბომბავს საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
გარდა ამისა, დასახლებულ პუნქტ კომიშანში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიჭრა ერთი და დაიღუპა 1 ადამიანი.