უკრაინის არმიამ გასულ 24 საათში ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. უკრაინელებს წარმატებები აქვთ ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
როგორც ISW-ში აღნიშნავენ, უკრაინის არმიამ მიაღწია დონეცკი-ზაპოროჟიეს ოლქების საზღვრების გასწვრივ რაბოტინოსა და უროჟაინეს ჩრდილეთ მისადგომებთან.
„როგორც ჩანს, უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაცია რუსულ ჯარს აიძულებს გადააჯგუფოს ძალები, რომლებიც ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში თავდაცვით პოზიციაში არიან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინის ძალისხმევამ ამ ადგილებში შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს რუსების თავდაცვა... {ცოტა ხნის წინ} საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 დივიზიისა და ქვედანაყოფ „ახმატის“ გადაჯგუფება რაბოტინოს რაიონში - ახალი რუსული ფორმირებებისა და ქვედანაყოფების პირველი აშკარა შესვლაა ამ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პირველად არ ხდება რამზან კადიროვის ქვედანაყოფის „ახმატის“ გადაჯგუფება ფრონტის კრიტიკულ მონაკვეთზე. (წინა ჯერზე ეს მოხდა კლეშეევკის რაიონში ბახმუტიდან სამხრეთით, ამ რაიონში უკრაინის ძალების წინსვლის საპასუხოდ). საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 დივიზია ერთროულად გაყოფილია ფრონტის სულ მცირე ორი და შესაძლოა, სამი მიმართულებით (სტარომორსკოეს რაიონი, ხერსონის ოლქში დნიპროს მარცხენა სანაპირო, დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქი).
„უკრაინის კონტრშეტევითმა ოპერაციამ მნიშვნელოვნად გააუარესა რუსული ძალების მდგომარეობა, რომლებიც ამ რაიონში თავდაცვით პოზიციაში არიან და რუსული ჯარების მეთაურობა აიძულა გაეგზავნა დამატებითი ელემენტები ფრონტის ხაზის აღნიშნული კრიტიკული მონაკვეთის თავდაცვის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ანგარიშში.