პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, მოკავშირეებისგან ჯერ არ მიუღია საკმარისი რაოდენობის იარაღი, რათა ომის მიმდინარეობა თავის სასარგებლოდ შეცვალოს. მან დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა კიევის გამარჯვებისთვის მეტი გააკეთონ.
შეკითხვაზე, რომელი სახეობის იარაღი არ ჰყოფნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დუდამ განაცხადა, რომ „უკრაინას გადაეცა შორი მოქმედების არტილერია და მას უკრაინა ამ დრომდე იღებს".
„შეიძლება ითქვას, რომ უკრაინას დღეს უფრო თანამედროვე სამხედრო შეიარაღება აქვს, ვიდრე რუსეთს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
საქმე იმაშია, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი შეიარაღება, რათა ომის მიმდინარეობა თავის სასარგებლოდ შეცვალოს? ამ შეკითხვაზე პასუხია: სავარაუდოდ, არა. მათ არ აქვთ საკმარისი რაოდენობის იარაღი. ჩვენ ვიცით ეს იმ ფაქტებით, რომ ისინი {უკრაინელები} ვერ ახორციელებენ დამაჯერებელ კონტრშეტევას რუსული არმიის წინააღმდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა დუდამ.
ანჯეი დუდა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ოცნებობს ცარიზმის დროინდელი ტერიტორიების აღდგენაზე. მისივე თქმით, დასავლეთი ვალდებულია დაასრულოს უკრაინაში რუსეთის შეტევა, „რათა არ განმეორდეს იგივე, რაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მოხდა, როდესაც ამერიკელ ჯარისკაცებს მოუწიათ სისხლის დაღვრა ევროპაში, რათა აღედგინათ მშვიდობა და თავისუფლება მსოფლიოში“.
როგორც დუდამ აღნიშნა, პოლონეთში შეინიშნება დაღლილობა ომისგან, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა კვლავ სიხარულით იღებს უკრაინელებს. „პოლონეთში არიან ოჯახები, რომლებიც უკრაინელებს თავიანთ სახლებში უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში მასპინძლობენ“, - განაცხადა დუდამ.
მისივე თქმით, პოლონელები ეხმარებიან უკრაინელებს, რადგან აცნობიერებენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს.
„ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მოდიან რუსები, აუპატიურებენ ქალებს, კლავენ ადამიანებს, აღმოსავლეთში ასახლებენ ხალხს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები უნდა შევაჩეროთ“, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ ასევე განაცხადა, რომ შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვაშინგტონის მომავალ სამიტზე ოფიციალურად მიიწვიონ უკრაინა ნატო-ში.
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვლადიმირ პუტინს არ სურს მისი გამოყენება. მიმაჩნია, რომ რუსეთში ბირთვული იარაღი ბევრი ადამიანის კონტროლის ქვეშააა - ასე, რომ ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინზე. გადაწყვეტილებას იღებს მეტი, ვიდრე ერთი ადამიანი“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.