კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს სურს, საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელოს, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
გია ვოლსკის თქმით, უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა.
„მიმდინარეობს გამოძიება. კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ცილისწამების სტრატეგიის პარლამენტის კედლებში გადმოტანა სურს. უნდათ, საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, ეს საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს. ყველა კითხვას პასუხი გაეცა. დიდი უბედურება მოხდა და ამ უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არის უზნეობა. ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.