ქოცების პროპაგანდა ფიგურალურად იმავეს გვიწყობს ახლა, რაც სტიქიამ მოუწყო შოვში ხალხს - ტალახის ნაკადში გვმარხავს, - ის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, რასაც ქოცები ახლა აკეთებენ, პროპაგანდის ანბანური ხრიკია სახელად infoflooding - ინფორმაციის ნაკადის/ჭავლის მოშვერა, ალბათ ასე უფრო სწორი თარგმანი იქნება. მიზანი ერთია - ბევრი მოძრავი სამიზნე გაჩნდეს (დასაცავი თუ საგინებელი), ბევრი გამყოფი ხაზი, რაც დაპირისპირებას გააღვივებს მეათეხარისხოვან თემების ირგვლივ. შედეგი ერთადერთი: ფოკუსი სრულიად სხვაგან, ნებისმიერ რამეზე, მთავარის გარდა.
მარტივი აბსტრაგირებით რომ ვთქვათ, პროპაგანდა ფიგურალურად იმავეს გვიწყობს ახლა, რაც სტიქიამ მოუწყო შოვში ხალხს - ტალახის ნაკადში გვმარხავს. ოღონდ შოვში ხალხს არჩევანი არ ქონდა, ვერსად გაექცეოდა ამ ტალახს. აი, ჩვენ რატომღა მიყვებით ამ თამაშში ქოცებს და თავად ვწვებით ამ ტალახში, გაუგებარია.
მაგალითად, მერამდენე წელია ქოცების მხრიდან ერთიდაიგივე მოღალატურ ბოდვას ვისმენთ ომის დაწყებაზე, რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარებაზე და ასე შემდეგ. იმათ რატომ არ ბეზრდებათ ეს კაკაფონია, მესმის გადასარევად. ჩვენ რატომ არ გვბეზრდება იდენტური ტექსტების საპასუხოდ იდენტური აღშფოთება - არა.
თუ მთავარი თემები კალაძის თაობაზე მჯერა-არმჯერა, იზამდა-არიზამდა, უნდაეთქვა-არუნდაეთქვა იქნება; თუ გაუგებარი ბრალდებისგან ნიკა რაჭველის დაცვის კამპანიით უფრო წარმატებით გავავრცელებთ მასზე ნათქვამ სისულელეს (ვისი შვილის მიერაც არ უნდა იყოს ნათქვამი ეს სისულელე), ვიდრე ქოცები ამას თავად ახერხებენ და ასე შემდეგ - მაშინ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი სამუდამო და ერთადერთი დანიშნულება პროპაგანდის მსხვერპლობა და მისი მოძრავი სამიზნეების ან დევნა ან სამიზნედ ყოფნაა. ჩვენი ერთადერთი გამარჯვება და თვითკმაყოფილების წყარო - მორიგი პროპაგანდისტული მითის განმითებაა, რომელიც მხილების დროისთვის უკვე რელევანტური შეიძლება აღარც იყოს ან/და თავისი ფუნქცია უკვე შესრულებული ქონდეს, ხშირად სწორედ ჩვენივე სამართლიანი და მწვავე რეაქციის ხარჯზე.
უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ, რომ დღეისთვის ქართული ოცნების სიგიჟეების მიმართ ადიქცია გვჭირს და ამის გარეშე არსებობა ვეღარ წარმოგვიდგენია. როგორც ყველა დამოკიდებულმა პირმა, ეს უნდა ვაღიაროთ (როგორც ანონიმური ალკოჰოლიკები წრეში დავსხდეთ და ერთმანეთს ვუთხრათ, რა ვიცი :)). უნდა ვაღიაროთ და შევწყვიტოთ. უნდა შევწყვიტოთ და ჩვენი დღის წესრიგი შევქმნათ, რათა ჩვენ გვდიონ ქოცებმა უკან, და არა პირიქით. პროპაგანდა ტონის მიმცემია, სხვისი უკან დევნა მას ძალიან უჭირს, თუ საერთოდ შეუძლია. ის გამოწვევების დასახვაში ბევრად უფრო ეფექტური და ეფექტიანია, ვიდრე გამოწვევების დაძლევაში.ვაღიაროთ, შევეშვათ, შევქმნათ. მაშინ შევცვლით" - წერს ნიკა გვარამია.