2023 წლის ივლისში, FAO-მ მარცვლეულის მოსავლის აღება აღნიშნა შიდა ქართლში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ფერმერული თემების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, წარმატებით გამოიყენეს კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ნულოვანი დამუშავების მეთოდი.
FAO ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ადმინისტრაციულ ხაზთან მცხოვრებ 80 ფერმერზე მეტს დაეხმარა კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდებზე ტრენინგებითა და ნულოვანი დამუშავების სათეს დანადგარზე წვდომის უზრუნველყოფით. შიდა ქართლში, აღნიშნული აგრეგატით მარცვლეული კულტურები 261 ჰექტარ მიწაზე დაირგო.
ამ, თანამედროვე აგრეგატით შესაძლებელია წარმოების ხარჯების შემცირება და დროის დაზოგვა, რაც აძლიერებს და ეკონომიკურად მედეგს ხდის კონფლიქტით დაზარალებულ თემებს და გვეხმარება კონსერვაციული სოფლის მეურნეობის დანერგვაში. ამასთანავე, ნულოვანი დამუშავება ეკოლოგიურად მდგრადი გადაწყვეტაა რეგიონში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გახშირებულ გვალვებთან და ნიადაგის ეროზიასთან გასამკლავებლად.
დაზოგილი ფული, დაზოგილი დრო
ნულოვანი დამუშავების მეთოდი ეკონომიკურად მომგებიანია, რადგანაც ის არ საჭიროებს მოხვნასა და კულტივაციას, რაც ფერმერებს საწვავისა და მექანიზაციის დანახარჯებს 35 პროცენტით უმცირებს. კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ეს მეთოდი შიდა ქართლში კონფლიქტით დაზარალებული ფერმერული თემების ეკონომიკური მედეგობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს – ის დანადგარების, მუშახელისა და საწვავის დანახარჯებს ამცირებს.
ამასთანავე, ნიადაგის დამუშავების გარეშე თესვის მეთოდის გამოყენებით, ფერმერებს მეტი დრო რჩებათ სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებისთვის. აღსანიშნავია, რომ ნაკვეთის დამუშავებისას ისინი თესვას დროულად იწყებენ და უკეთ ეტევიან თესვის აგროვადებში, რაც მოსავლიანობაზე დადებითად აისახება.
საქართველოში ამ მეთოდის განხორციელების მთავარი გამოწვევა ნულოვანი დამუშავების სათესი აგრეგატების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობა და FAO თანამშრომლობენ, რომ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით დაინტერესებული ფერმერებისთვის აღნიშნულ დანადგარზე წვდომა უზრუნველყონ.
ეკოლოგიური მდგრადობა, გაძლიერებული მედეგობა
ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიით დამუშავებული ნაკვეთი ბევრად უფრო მედეგია გვალვისას, რადგანაც ნიადაგს წყლის შეკავების გაუმჯობესებული უნარი აქვს. მოსავლის აღების შედეგად დარჩენილი მცენარეული ნარჩენი ნიადაგის ზედაპირზე მულჩად გარდაიქმნება და ნიადაგს ქარითა თუ წვიმით გამოწვეული ეროზიისგანაც იცავს. ამასთანავე, მარცვლეულის ნაკვეთი გახშირებული წვიმიანობისას დატბორვისგანაც მეტადაა დაცული.
შესაბამისად, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის მეთოდების გამოყენებით, ფერმერები გარე, ეკოლოგიური რისკების მიმართ მეტად დაზღვეულები არიან. FAO-ს ნულოვანი დამუშავების დანადგარების გამოყენებით, კონფლიქტით დაზარალებული სოფლად მცხოვრები თემები შიდა ქართლში ამცირებენ ეკოლოგიურ რისკებსა და დანახარჯებს და ზრდიან საკუთარ მოსავლიანობას.
“დღეს FAO-თვის და მისი ბენეფიციარი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ მარცვლეულის მოსავლის აღების სეზონს. FAO და ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ ასობით მარცვლეულის, მერძევე და მეფუტკრე ფერმერთან მუშაობს. ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებისთვის და მათი მედეგობის გაუმჯობესებისთვის ტექნიკურ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, რომლებიც ახლა უკვე კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი მოვლენებითაც ზარალდება. მცირე მასშტაბისა და მარტივი გადაწყვეტები, როგორიცაა ნულოვანი დამუშავება და FAO-ს აგრონომთა ტრენინგები, სოფლის მეურნეობას უფრო მეტად მდგრადს ხდის, აუმჯობესებს თემთა მედეგობასა და ხელშესახებ შედეგებამდე მივყავართ“, ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ს პროგრამის კოორდინატორი.
“მგონია, რომ ეს პროექტი მოსახლეობის დიდ ნაწილზე დადებითი გავლენის მქონე მცირე ინტერვენციებისა და სამიზნე ჯგუფებზე კარგად მორგებული ტრენინგების კარგი მაგალითია. ამასთანავე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზზე ფოკუსირებას დადებითი სოციალური ეფექტი აქვს, რადგანაც ძირითადად ქალი ფერმერებისთვის ჩატარებული ტრენინგები ახალ კავშირებს ქმნის და ზოგადად ადგილობრივი თემების მედეგობას აძლიერებს. მოხარული ვარ, რომ ჩეხეთი ამ მკაფიო და დადებითი შედეგების მქონე პროექტს მხარს უჭერს“, ამბობს იანა ზელინგეროვა, ჩეხეთის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი.
___
ქალ ფერმერებზე ორიენტირებული, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მიერ მხარდაჭერილი, პროექტის მიზანია დაეხმაროს კონფლიქტით დაზარალებულ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ადმინისტრაციულ ხაზთან არსებულ სოფლებში მცხოვრებ თემებს და მათ, ფერმერული მედეგობის გასაუმჯობესებლად, ეფექტური მეთოდები გააცნოს.