სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 2024 წლის ოქტომბერში საზოგადოებამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გამოუტანოს გადამწყვეტი პოლიტიკური განაჩენი, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა.
“თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 ათასს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს – გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. „ნაციონალებმა“ იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა. ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს პროვოკაციაზე სათანადო რეაგირებისათვის. პროვოკაციის სიმძიმისა და შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, პოლიციელებმა იმოქმედეს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფოს ინტერესები. საზოგადოებას მოვუწოდებთ, კვლავაც ყურადღებით დააკვირდეს ომისა და ღალატის პარტიის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეულ ქმედებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 2024 წლის ოქტომბერში საზოგადოებამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გამოუტანოს გადამწვეტი პოლიტიკური განაჩენი, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა კობახიძემ.