აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითადაა შეფასებული. ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას.
საინვესტიციო გარემოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
"სანქციების ეფექტიანი აღსრულების მხრივ, ეროვნულ ბანკში შეიქმნა ახალი განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს საერთაშორისოდ დაწესებული სანქციების აღსრულებას, ასევე ეხმარება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნობიერონ და შეასრულონ სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შესაბამის ინსტიტუციებთან, როგორებიცაა: OFAC, OFSI და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან, ეროვნული ბანკი ამ კოოპერაციის საფუძველზე იღებს კონკრეტულ საკითხებზე მითითებებს სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად", - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ სარეიტინგო კომპანიაც ადასტურებს: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ ჩარჩოს და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2021 წლის ივნისში სებ-ს საერთაშორისო გამომცემლობა Central Banking-მა გამჭვირვალობის ჯილდო გადასცა. ამ აღიარებით ხაზი გაესვა მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების შესახებ კომუნიკაციის გაუმჯობესებას".
ამასთან, ანგარიშში განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, რის შედეგადაც საფინანსო სექტორი და საბანკო სისტემა წარმატებით უმკლავდება გლობალურ გამოწვევებს.
"საბანკო სისტემა სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანია. ფინანსური სექტორი მყარ კაპიტალსა და პოტენციური საფრთხეებისგან დამცავ ლიკვიდობის ბუფერებს ინარჩუნებს. უმოქმედო სესხების წილი (4.1% 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) კლებულობს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად განვითარდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის ანგარიში აღნიშნავს, საბანკო სისტემამ კარგად გაუძლო პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად წარმოქმნილ შოკებს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ბოლო წლებში დანერგილ მყარ მარეგულირებელ და საზედამხედველო ჩარჩოს ასახავს. არსებითი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავ სისტემის მთავარი სირთულეა: საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 45 პროცენტი, ძირითადად არაჰეჯირებულ მსესხებლებზე, უცხოური ვალუტით გაიცემა", - აღნიშნულია ანგარიშში.