საქართველოს პროკურატურის, ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, სადაც თითქოსდა შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ღირებულებას და დაინტერესებულ პირებს ქონების ნამდვილ ფასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ.
აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს სხვა მიწის ნაკვეთებს აჩვენებდნენ, რომლებზეც რეალურად საცხოვრებელი სახლები იყო განთავსებული, მათთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ. ხსენებული სქემით, ბრალდებულები ხუთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 221 725 ლარს დაეუფლნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, 6 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს საპატიმრო გირაო შეუფარდა.