საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.