„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე მოძალადე ჯგუფებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” განკუთვნილი სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარი დაწვეს და დააზიანეს, სხვადასხვა ნივთები, დაიტაცეს და წაიღეს, ასევე გამაგრილებელი სასმელის ნაწილი ადგილზე დალიეს, ნაწილი კი მოიპარეს.
ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.
თბილისი პრაიდის განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ფესტივალის ჩაშლა მიანიშნებს, რომ დღევანდელი მოვლენები ალტ-ინფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული.
"დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის", - წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე კი ამბობს, რომ პრაიდფესტივალისს ლოკაციის დაცვისთვის მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა.
დარახველიძის თქმით, ტერიტორიაზე კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მივიდა და ის, რომ მათ კორდონის გარღვევა მოახერხეს, შსს-ს წარმომადგენელმა გაშლილ ტერიტორიას დააბრალა.
"დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. მაგრამ ვხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული", - განაცხადა დარახველიძემ.