საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, რუსთავში, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის არასრულწლოვან გერზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.