4 ივლისს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზაციული განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, USAID - ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა გახსნეს.
შეხვედრას ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის წევრი კერძო, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: "საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას. სავალუტო ბაზრის მონაწილეების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. USAID - ის მხარდაჭერით წარსულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების სამოქმედო გეგმის დღევანდელი პრეზენტაცია. ამასთან, გვსურს დავაანონსოთ მიმდინარე წელს დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების სერია, რომლებიც ასევე USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდება. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან შვეიცარიელი ექსპერტები ბრუნო ლანგრიცი და მარსელ ციმერმანი, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის სამომავლო განვითარებაში".
შეხვედრაზე, GFMTA - ის წარმომადგენლებმა განიხილეს ასოციაციის აქტივობები და ასევე, დაგეგმილი პროექტები.
ნატალია ბერუაშვილის განცხადებით: "ეკონომიკური მმართველობის პროგრამა განიხილავს GFMTA - ს როგორც უაღრესად საიმედო და ძლიერ პარტნიორს საქართველოს ფინანსური ბაზრის რეფორმირების საქმეში. ჩვენი გუნდი აგრძელებს ასოციაციასთან თანამშრომლობას მისი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის და მსოფლიო ფინანსურ ბაზრებში ინტეგრაციისთვის".
USAID - ის ეკონომიკური ზრდის გუნდის ლიდერის, დავით წიკლაურის, განცხადებით: "USAID - ი ასოციაციის დაფუძნების დღიდან მხარში უდგას მას, რადგან გვჯერა, რომ ასოციაციის მისია განავითაროს საქართველოს ფინანსური ბაზარი საერთაშორისო მოწინავე სტანდარტების დანერგვის გზით, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო საინვესტიციო რუკაზე საქართველოს წარმატებული დამკვიდრების გზაზე".
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ USAID - ის ეკონომიკური განვითარების პროგრამისგან 220 ათასი აშშ დოლარის გრანტი საგანმანათლებლო, ორგანიზაციული და კვლევითი მიმართულებების განვითარების უზრუნველყოფისთვის მიიღო.
ორგანიზაციული განვითარებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ თანამშრომლობა რამდენიმე ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტთან დაიწყო. შვეიცარიელი კონსულტანტები ბრუნო ლანგრიცი და მარსელ ციმერმანი სამთვიანი ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვან წილს შეიტანენ GFMTA - ის მიმდინარე პროექტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ასოციაციაზე მორგებულ საგანმანათლებლო სერვისებს, რაც უზრუნველყოფს ბაზრის მონაწილეებში პროფესიული ქცევის მაღალი სტანდარტებისა და კომპეტენციების დანერგვას. ექსპერტები საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ახალი კავშირების დამყარებაშიც დაეხმარებიან. კონსულტანტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი კომერციული ბანკების მიერ გლობალური სავალუტო კოდექსის მიერთების პროცესშიც.
აღსანიშნავია, რომ GFMTA - ის და ეროვნული ბანკის თანამშრომლობის შედეგად 2020 წლიდან ამოქმედდა "სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი", რომელიც ადგენს სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ძირითად პრინციპებს, სტანდარტებს და მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი, კონკურენტული, გამჭვირვალე, სამართლიანი, ლიკვიდური სავალუტო ბაზრის ჩამოყალიბებას და სავალუტო ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვას.
საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია 2019 წლის 21 ნოემბერს - ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნდა. ასოციაცია ზრუნავს ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარებაზე და აერთიანებს საქართველოს ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სეგმენტში მოქმედ 15 სუბიექტს, მათ შორის, 10 კომერციულ ბანკს, 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და საპენსიო სააგენტოს. ასოციაციის მიზანია ბაზარი გახადოს უფრო გამჭვირვალე, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის დაამყაროს სამართლიანი ქცევის ნორმები და ფინანსური ინსტიტუტების შიგნით ორგანიზაციული სტრუქტურის მიმართ განსაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც მათ საქმიანობას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს.