თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებულ ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე სასამართლოსგან 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, სერგო შუბითიძე წაყენებულ ბრალს აღიარებს. მისი ინფორმაციით, შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა. ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში აერია. სასამართლო პროცესზე აღნიშნული ფაქტი დაკავებულმა სერგო შუბითიძემაც დაადასტურა.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე 17 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.