საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიზანად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, სამრეწველო ემისიების შესახებ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას. კანონპროექტი ითვალისწინებს სამრეწველო საწარმოებისთვის მთელი რიგი ახალი ვალდებულებების 2026 წლიდან ეტაპობრივად დაწესებას. სამრეწველო საწარმოები ვალდებული იქნებიან, საწარმოო პროცესში დანერგონ ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემას, სადაც ინტეგრირებული იქნება სხვა გარემოსდაცვითი ნებართვები, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის, ე.წ. ერთი სარკმლის პრინციპით გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემას. აღნიშნული სრულად თანხვედრაშია ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან.
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივა არეგულირებს მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს, რომლებიც გარემოს დაბინძურების მხრივ მაღალი რისკის შემცველია. ასეთ ობიექტებად მიჩნეულია მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე, თბოსადგურები და სხვა გარემოსადმი მაღალი რისკის შემცველი საქმიანობები.
ახალი კანონის პროექტის გათვალისწინებით, საწარმოებისთვის განისაზღვრება ისეთი გარემოსდაცვითი პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს საწარმომ. ეს ეხება როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს და ჰაერის დაბინძურების შემცირებას საწარმოების მხრიდან, ასევე, წყლის ობიექტების დაბინძურების პრევენციას, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს.
გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაციები კომპლექსურია, მათი ამოქმედებისათვის განსაზღვრულია გონივრული ვადები. კერძოდ, 2026 წლიდან ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც გადაწყვეტს კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში დაიწყოს საქმიანობა, ხოლო 2029 წლიდან, ეტაპობრივად, ახალი ვალდებულებები დაეკისრება ქვეყანაში უკვე არსებულ მოქმედ საწარმოებს.