სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილეა დაკავებული.
აქცია „ყვარლის ტბასთან“ 11 საათიდან მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიტიური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, რომელიც კახეთში სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ იმყოფება, სასტუმროს ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სხვა რუსი სტუმრები კოპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ მელია ჟურნალისტებს ესაუბრა.
„ეს არის ვულგარული ცინიზმის დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისა და მთელი ქვეყნისადმი პუტინისა და ლავროვის მხრიდან. ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ევროკავშირის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის მიერ. არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან სანქცირებულნი არიან და ჩამოვიდნენ ყვარელში, მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც, რომ ლავროვის მიერ. დღეს უნდა გაბედონ აქ და პუტინის სადღეგრძელო უნდა შესვან, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება უკრაინას. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ეს ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება არიან გადაჯაჭვულნი. ქვეყანას არ ჰყავს ქართული ხელისუფლება, ქვეყანას ჰყავს რუსული ხელისუფლება", - განაცხადა მელიამ.