საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ, ასევე, ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.
აღნიშნულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.