სპეციალური საგამოძიებო სამსახური „TV პირველი“-ს ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია „TV პირველი“-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის შ.მ-ს მიერ მოქალაქე გ.გ.-ს დაზიანების ფაქტს ეხებოდა.
აღნიშნულ საქმეზე, „TV პირველი“-ს ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხუთშაბათს 14 შეკითხვით წერილობით მიმართა, რასთან დაკავშირებითაც უწყებამ მას ასევე წერილობით ამომწურავი პასუხები გასცა. თუმცა უწყების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გაცემული დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტმა არ გააჟღერა, რაც მიანიშნებს, რომ სიუჟეტის მიზანი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო.
გვსურს განვმარტოთ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შედეგად მოქალაქე გ.გ.-ს დაზიანების ფაქტზე გამოძიება 2023 წლის 31 მარტს დაიწყო.
ამ დროისთვის გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 31 მარტს, ღამის საათებში, უმცროსი დეტექტივი მეწყვილესთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ქ. თბილისში, ვ. ფშაველას N75ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ქუჩაზე, პოლიციელების სიახლოვეს იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით, მოქალაქე გ.გ.-მ ჩაიარა, რის შემდეგაც მას პოლიციის თანამშრომლები დაედევნნენ. დევნის პროცესში უმცროსი დეტექტივის მიერ იარაღიდან ორი გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გ.გ.-მ დაზიანება ფეხის არეში მიიღო.
იმავე დღეს მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და გაწერილი იქნა კლინიკიდან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.
მოწმის სახით გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები და შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პირები.
რაც შეეხება პოტენციურ დაზარალებულს, გამოძიების პირველივე დღეებიდან მოქალაქე გ.გ.-მ, რომელმაც მომხდარი ინციდენტის შედეგად ფეხის არეში მიიღო დაზიანება და რომლის მიერ მოწოდებულ ობიექტურ ინფორმაციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებზე, უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობასა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე. საგამოძიებო სამსახურის არაერთი მცდელობის შემდეგ გ.გ. გამოიკითხა გამომძიებლის მიერ, რომელმაც განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, პოლიციის თანამშრომლის მიერ გასროლის შედეგად დაზიანება არ მიუღია და თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს.
შემთხვევის ადგილზე მდებარე კერძო ობიექტიდან გამოთხოვილი იქნა მომხდარი ფაქტის ამსახველი ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც არსებული ფორმით და ხარისხით სრულყოფილად ვერ ასახავს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. აქედან გამომდინარე, ვიდეოჩანაწერის გაწმენდის და მისი ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, გამოძიების მიერ დანიშნულ იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
გამოძიების მიერ ამოღებულ, ასევე შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ კვლევის ნიმუშებთან დაკავშირებით, გამოძიებისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 6 ექსპერტიზაა დანიშნული. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. ამ დროისთვის გამოძიებას არცერთი ექსპერტიზის პასუხი არ მიუღია.
იმისთვის, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, გამოძიებამ მოახერხოს და საქმეზე წარმოადგინოს ობიექტური სურათი და მიღებულ იქნას შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანია ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნების მიღება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პოტენციური დაზარალებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ სურს საქმეზე ინფორმაციის მოწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტს მიმდინარე გამოძიების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განუმარტა, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ამოწურულა და მიმდინარე 6 ექსპერტიზიდან არცერთი ექსპერტიზა დასრულებული არ არის, აღნიშნულმა ტელევიზიამ უწყება მიზანმიმართულად საქმის არაჯეროვან გამოძიებასა და გადაწყვეტილების შეგნებულად დაყოვნებაში დაადანაშაულა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ჟურნალისტის მცდელობაზე ,,დანაშაულის დაფარვის“ ცრუ ვერსიებზე საუბრით და არასწორი ინფორმაციების გავრცელებით მოახდინოს საგამოძიებო უწყების დისკრედიტაცია.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს შემჭიდროებულ ვადებში ატარებს, რის შემდეგაც მიიღება კანონით გათვალისწინებული ზომები“ - ნათქვამია განცხადებაში.