ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება პირველ მაისს დაიწყო.
შსს-ის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, პირველ მაისვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები.
„მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები. ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“,- აღნიშნავენ შსს-ში და აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა, ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.