საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციის შედეგად გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითიც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები.
„ჩვენ მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებული აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ.
საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად გადაეცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს. ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო ერთიანი კონტრტერორისტული სისტემის საიმედო პარტნიორად. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, – განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩა მგელაძემ.
ამასთან, ბაჩა მგელაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებზე არ ისაუბრებს.
„საქმე არის ძალზე მასშტაბური და, შესაბამისად, ამ ღონისძიებაში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა მგელაძემ.