უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ომში უკრაინის დანაკარგები თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობაზე ნაკლებია.
ამის შესახებ რეზნიკოვმა ესპანურ გამოცემა La Razon-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დანაკარგები, რადგან ჩვენ ვომობთ. მაგრამ ის {დანაკარგი} რუსების დანაკარგზე კრიტიკულად ნაკლებია. მე არ შემიძლია რიცხვის დასახელება, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საერთო რაოდენობა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულეთა რაოდენობაზე ნაკლებია.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია - შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ჩვენს ჯარისკაცებს, იმ დროს, როცა რუსეთი სამხედროებს იყენებს, როგორც საზარბაზნე ხორცს. ეს არის ხორცსაკეპის ტაქტიკა. მათთვის სულერთია. მხოლოდ ბახმუტში რუსეთი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით ყოველ დღე 500 ადამიანს კარგავს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
6 თებერვალს თურქეთსა და მის მოსაზღვრე სირიაში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭრაბა. მხოლოდ თურქეთში მიწისძვრას 46 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
პენტაგონის საუდუმლო დოკუმენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გაჟონა, საუბარია უკრაინის დანაკარგებზე. დოკუმენტების თანახამად, უკრაინამ 124 -დან 131 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 15,500-17,500 დაღუპული და 109 ათასიდან 131 ათასამდე დაჭრილია. ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის დანაკარგი შეადგენს 35-43 ათას დაღუპულსა და 154-180 ათას დაჭრილ სამხედროს.