უკრაინის ძალების კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ამერიკულ გამოცემა The Hill-თან განაცხადა.
ინტერვიუში უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დაწყებასთან დაკავშირებით ყველაზე დიდი ზეწოლა უკრაინის საზოგადოებიდან მოდის.
ამასთან, შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ განიცდის ზეწოლას პარტნიორების მხრიდან. „ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს კარგად ესმით, რომ კონტრშეტევის დასაწყებად, მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის 100 და მეტი პროცენტით“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
შმიჰალმა ასევე აღნიშნა, რომ საიდუმლო ინფორმაციების გაჟონვა უკრაინას ხელს ვერ შეუშლის გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები.
„ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს - ტანკებს, საბრძოლო მასალას, თვითმფრინავებს, ჯავშანტექნიკას“, - განაცხადა დენის შმიჰლამა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით კანადასა და აშშ-ში იმყოფება.