„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“ იაფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო.
„რუსულმა ოცნებამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, ღიად იაფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "რუსულ ოცნებას" არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა.
ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას - ყოველ მიზეზ გარეშე.
ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!
7-10 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნებაა საქართველო ევროპაში!
შევიკრიბოთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ
ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას!
ვუთხრათ არა რუსული სტილის პროვოკაციებს და ძალადობას!
გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!“, - ნათქვამია განცხადებაში.
„პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე, შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო. „წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა. „პოსტივის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებს კი თათია სამხარაძე კარადაში დახვდათ“,- აღნიშნულია „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დიმიტრი ჩიქოვანის თქმით, ეს იყო დავალება "ქართული ოცნებისგან", რომელიც შეასრულა ნათია ბერიძემ. მისი თქმით, სანამ მის სახლთან სამართალდამცველების ეკიპაჟები გამოჩნდებოდა, "პოს ტვ-ის" ჟურნალისტი მის საცხოვრებელ კორპუსში ბერიძე უკვე მისული იყო და მეზობლებს ახალგაზრდა ქალის სავარაუდო გატაცებაზე კითხვებს უსვამდა.
"პოსტივის" ჟურნალისტის ცრუ დასმენაზე, რომელიც ალბათ შალვა რამიშვილმა, რომელიც ძალადობაში მრავალჯერ მხილებული ადამიანია, საკუთარი თავის "გასათეთრებლად" თუ რა მიზნით არ ვიცი, დაგეგმეს ეს პროვოკაცია. გამოიყენეს მათ ხელში არსებული ყველა რესურსი და ჩარიეს სახელმწიფო ინსტიტუტები ამ პროვოკაციაში. უბრალოდ იყო ცრუ დასმენა და შემდეგ გაირკვა, რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ პროვოკაცია იყო. ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ პროპაგანდისტი შალვა რამიშვილის ნათქვამზე, ეს სახელმწიფო ინსტიტუტები ასე მოქმედებენ ადამიანების წინააღმდეგ. სამართალდამცველებამდე 2 საათით ადრე იყო მოსული ნათია ბერიძე, ცდილობდა ტყუილებით, რომ კარი გაგვეღო, მეზობლებიც შეაწუხა. საშინლად პროვოკატორობდა. ცრუ დასმენა განახორციელა პოლიციაში, ცილი დამწამა საკმაოდ მძიმე, გატაცების მულით და ამის შემდეგ ესე ჩაერთნენ სამართალდამცველები. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია, სუსი, კრიმპოლი, ყველა იქ იყო. ეს იყო ცილისწამება, ცრუ დასმენა და მთელი პროვოკაცია აგებული იყო ამაზე. ჩემი და ჩემი ადვოკატების მხრიდან რეაგირება იქნება",- ამბობს დიმიტრი ჩიქოვანი.