ავთანდილ არაბული - 70
თანამედროვე ადამიანის პიროვნული პროფილი კარგად იკვეთება დღევანდელობის კონტექსტში - სიძულვილის, მარადიულ ფასეულობათა შერყვნისა და უტიფარი თავნებობის, უხეში პრაგმატიზმის, აგრესიული ტექნოკრატიის ზეობის დროში. ცხოვრების ასეთ მწვავე ფაზაში, დაშლილ ანთროპოცენტრულ გარემოში ძალიან ცოტა მეგულება ისეთი, აპოკალიფსური ეპოქის შემოტევებს რომ უმკლავდებოდეს, წუთისოფლის გამაყრუებელ ხმაურში სამყაროს სიჩუმეს უსმენდეს, პიროვნულ და პროფესიულ ღირსებას გაუბზარავად ატარებდეს. ასეთ იშვიათ ადამიანთა შორის ჩვენს წილ წუთისოფელს აზრს მატებს მთის ბროლივით შეუმღვრეველი, გამორჩეული შინაგანი სისუფთავით, რაინდული კულტურით, მოკრძალებით, კეთილშობილებით, კეთილგონიერებით, ერის ბედის მაძიებელი ავთანდილ არაბული.
ზერელედ რომ გადავავლოთ თვალი მის ნაშრომ-ნაღვაწს, საკმარისი იქნება იმის საცნობლად, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ავთანდილ არაბულმა მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ქართული და ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ლექსიკოლოგიისა და დიალექტოლოგიის საკითხებს; ხელმძღვანელობდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამას (ლექსიკოლოგიური მონაკვეთი, 2003 – 2005 წწ.), ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის სამუშაოებს (1986 – 1989 წწ.). ცალკე აღნიშვნის ღირსია მრავალწლიანი ფიქრი და შრომა თანამედროვე ქართული ენის სწავლების ახლებურ ხედვაზე, სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენასა და ქართული მართლწერის ძირითადს რეკომენდაციებზე. ის არის მთავარი რედაქტორი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ახალი რედაქციისა, დღემდე სამაგიდო წიგნად რჩება „ქართული მეტყველების კულტურა“ (2004 წ.) ან რად ღირს „ვეფხისტყაოსნის“ თავგადასავალი, მისივე თანაავტორობით გამოცემული ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის თხზულებანი სიმფონია-ლექსიკონითურთ. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი: ავთანდილ არაბულის სამეცნიერო ინტერესები არ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ლინგვისტიკით. ის, ამავე დროს, ლიტერატურათმცოდნის გასაოცარი სიფაქიზითა და მთრთოლვარე ნერვით გრძნობსა და განიცდის მწერლის სიტყვიერ ქსოვილს, საზრისის, პოეტიკის, მხატვრული რიტორიკისა და ესთეტიკის ზოგად კანონზომიერებებს. საილუსტრაციოდ გამოდგება უაღრესად საინტერესო „მარადიული თანამედროვე - შტრიხები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი პორტრეტისათვის“; ანა კალანდაძისა და მურმან ლებანიძის პოეტური ტალანტის მისეული ინტერპრეტაციები.
მქონდა ბედნიერება, ორი წლის განმავლობაში იმ კომისიის წევრი ვყოფილიყავი, რომელიც ქართულ სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნებისთვის მუშაობდა და, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი ავთანდილი იყო. გასაოცარი რუდუნებით, ჩვენი ეპოქისთვის უცნაური და იშვიათი სიმშვიდით, პრინციპით: „ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა“ და საქმისადმი მამულიშვილური დამოკიდებულებით გვხიბლავდა კომისიის ყოველ წევრს. დღესაც, როცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ამდენ საშვილიშვილო საქმეს ხელმძღვანელობს, ისევ ჩრდილში დგომას ირჩევს - ესეც ხომ მისი პიროვნული კონსტიტუციის მარკერია!
„დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ“ გასული ქართული ენისა და კულტურის მსახურებაში, თანაც მაღალი ღირსებით - ჩუმად, უპრეტენზიოდ, უხმაუროდ, ისე, როგორც ეროვნულ მოღვაწეს შეჰფერის. ავთანდილ არაბული თანამედროვე ეპოქაში - ადამიანობის, დაკარგული რწმენისა და სიყვარულის სივრცეში - რჩება პიროვნებად, რომელიც „უმეტესად საქმითა და უმცირესად სიტყვითა“ ცოცხალი მაგალითია რიგით კაცად ცხოვრების კულტურისა. მისი არსებობა სახეა სათნოებისა, სიმაღლე სიმდაბლისა!
გლობალიზაციის თანამდევი უსახურობის საფრთხე და, ზოგადად, ეს უღიმღამო ყოფითობა დაიძლევა სინამდვილის შინაგანი განცდით, აპელაციით მარადიულ ღირებულებებთან, სიბრძნესთან, სიკეთესთან. ამგვარად მესახება ა. არაბულის ცხოვრებისეული კრედო სამშობლოს უპირობო სიყვარულით, პრინციპულობით, პროფესიის ერთგულებით, ქართული ენის რელიგიური სიწმინდის ხარისხში გადაყვანით, სამართლიანობის განცდით. ასეთ ადამიანებს დიდი გაფრთხილება სჭირდება, რადგან ყოველთვის, ჩვენი ისტორიის ყოველ ეტაპზე ისინი უმცირესობაში იყვნენ, თუმცა რეალურად მათზე იდგა ქვეყნის მომავალი.
საბა მეტრეველი