„ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსულ ხელისუფლებას, კრემლიდან მართულ ე.წ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსულ ინტერესებს წარმოადგენდა“, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი დღეს, ფოთის შემდეგ წალენჯიხაში, ფახულანში იმყოფებოდა, სადაც ის მოსახლეობას შეხვდა და ესაუბრა 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე. ასევე ისაუბრა ხვალინდელ აქციაზე- ზუგდიდში 15:00 საათზე , რომელიც იქნება საინფორმაციო ხასიათის 9 აპრილთან დაკავშირებით.
„სენაკის, მარტვილის და ფოთის შემდეგ, ჩვენ ვართ წალენჯიხაში, ფახულანში, საიდანაც რამდენიმე ასეულ მეტრში არის ოკუპანტი. ის ოკუპანტი, რომელსაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში. ადგილზე შევხვდით მოსახლეობას და ვისაუბრეთ 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე, ასევე ხვალ ზუგდიდში 3 საათზე გაიმართება აქცია, რომელიც იქნება საინფორმაციო ხასიათის 9 აპრილთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ურყევად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი არ შეეგუებიან რუსულ ხელისუფლებას, კრემლიდან მართულ ე.წ პრემიერ მინისტრს და ქართველი ხალხი ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე აპირებს საკუთარი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.