14 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი პირი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის შესაბამისად დაჯარიმდნენ, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას ან სხვა სახელმწიფოს დროშის, გერბის შებღალვას გულისხმობს და ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლო ადმინისტრაციულ დარღვევასთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
14 მარტს „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, ხოლო მის ადგილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს დროშის აღმართვა.