არსებითად სამხრეთ ოსეთში ომი დღესაც გრძელდება. თუმცა, ამჯერად, რუსეთი საქართველოს კი არ ეომება, არამედ თავად სამხრეთ ოსეთს. მართალია, აქ ადამიანები ერთმანეთს ახლა უკვე არ კლავენ, სამაგიეროდ აშინებენ, ადანაშაულებენ და ციხეში სვამენ.. შედეგიც შესაბამისია: ცხინვალი როგორც იყო ნანგრევებში, ნარგრევებშივე რჩება დღესაც. ასე იწყება ინტერნეტგვერდ "რუსკი რეპორტიორზე" გამოქვეყნებული რეპორტაჟი სახელწოდებით - "ომი ომის შემდეგ - სამხრეთ ოსეთი: რატომ აგებს ისევ რუსეთი მშვიდობას".
"2008 წელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუსეთის სამხრეთ ოსეთის ჩართვა თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში უნდოდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. ოსეთის ხელისუფლება რუსეთიდან მიღებულ უზარმაზარ თანხებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ანუ - საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯავს. ამაზე შეზღუდვები კი მოღალატეობად აღიქმება.
2011 წლიდან სამხრეთ ოსეთისათვის რუსეთის მიერ გამოყოფილმა თანხამ 6,8 მილიარდი რუბლი შეადგინა. ბოლო დრომდე რუსეთი ცდილობდა მკაცრად ეკონტროლებინა თავისი ფინანსური დახმარების ხარჯვა, მაგრამ მომავალი წლიდან ეს სქემა იცვლება: ფული პირდაპირ რესპუბლიკის ბიუჯეტში გადაირიცხება, ყველანაირი კომისიებისა და კომიტეტების გვერდის ავლით. ხოლო რუსეთის მოსაზრებებს კი სარეკომენდაციო ხასიათი ექნებათ. ასე რომ ოსი ჩინოვნიკები გაცილებით მეტ დამოუკიდებლობას მიიღებენ და თუ რა გამოვა აქედან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუკი გასული ორი წლის გამოცდილებას გადავხედავთ", _ ნათქვამია რუსი ჟურნალისტის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში გაკეთებული სპეციალური რეპორტაჟის დასაწყისში.
რეპორტაჟში რუსი ჟურნალისტი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ორი წლის განმავლობაში არც თუ ისე მყარი ორხელისუფლებიანობა სუფევს - "რომელიც ოსების პრეზიდენტსა და რუსების პრემიერს შორისაა გადანაწილებული. 2009 წლის ივლისში სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარედ მეწარმე ვადიმ ბროვცევი დაინიშნა, რომელიც მანამდე ჩელიაბინსკში მსხვილ სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა. სამხრეთ ოსეთში იგი თავისი თანამემამულის, რუსეთის რეგიონების განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის რომან პანოვის რეკომენდაციით მოხვდა. ბროვცევთან ერთად სამხრეთ ოსეთში დიდი ფული მოვიდა: მანამდე მოსკოვი სამხრეთ ოსეთს მწირად აფინანსებდა, 2009 წელს კი 10 მილიარდი გამოუყო.
ბროვცევი ცხინვალში თავისი გუნდით ჩავიდა და წამყვანი მენეჯერების თანამდებობებზე თავისი თანამემამულეები, ჩელიაბინსკელები დანიშნა. მანვე თავისი მმართველობის ორ კვირაში მოასწრო და სამხრეთ ოსეთში არსებული 18 სამინისტროდან 10 დატოვა მხოლოდ", _ წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ როდესაც ბროვცევი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა მან თავისი გუნდს 40 ადამიანი ჩაიყვანა - მათგან დღეს სამი ადამიანია დარჩენილი - ერთი შვებულებაშია და არავინ იცის დაბრუნდება თუ არა.
ბროვცევის გარემოცვაში ასევე აცხადებენ, რომ "მათ ზეწოლით აგდებენ აქედან და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალიან დიდია".
"ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მალე ბროვცევი უნდა წასულიყო: მაისში სამხრეთ ოსეთის პარლამენტს უნდობლობა უნდა გამოეცხადებინა პრემიერისათვის. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სასკოლო კლასის ხელა ოთახში მართავს სხდომებს და იქ თითქმის ყველა ედუარდ კოკოითისადმი ლოიალურადაა განწყობილი. მაგრამ მაშინ საქმეში პუტინი ჩაერია და კოკოითისაგან ბროვცევის წინააღმდეგ მიმართული ინტრიგების შეწყვეტა მოითხოვა", _ წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ კოკოითი რომ მოწვეული პრემიერ-მინისტრის თავიდან მოცილებას ცდილობს ეს პირველი შემთხვევა არ არის.
"ბროვცევი უკვე მესამეა. პირველი იყო იური მოროზოვი, რომელიც ომის შემდეგ ერთ კვირაში გაათავისუფლეს. მეორე ასლანბეკ ბულაცევი იყო, რომელმაც პრემიერის პოსტზე მხოლოდ სამი თვე გაძლო: მასთან უბრალოდ მივიდნენ ნიღბიანი ადამიანები და იგი თანამდებობიდან გადააყენეს - ოფიციალურად კი განაცხადეს, რომ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა. ბროვცევი კი უკვე მეორე წელია თანამდებობას ინარჩუნებს - თუმცა არის თუ არა სამხრეთ ოსეთში ისეთი ადამიანები ვისაც იგი შეიძლება ენდოს ეს დიდი კითხვაა", _ წერს ჟურნალისტი.