ყვარელში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ნეკრესობა 12 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შესულ მორწმუნეებს წმიდა ნაწილებთან ლოცვის საშუალება მიეცემათ.
რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 4,5 კილომეტრიან გზაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, გაკეთდა ჯებირები და მოეწყო გარე განათება. შემოწირულობებით აშენდა სატრაპეზო. 12 დეკემბრიდან მრევლს და ნეკრესში ჩასულ ტურისტებს სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა სპეციალური მიკროავტობუსებით შეეძლებათ.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი მოქმედი 2000 წლიდან გახდა და მამათა მონასტერი დაარსდა. ყოველი წლის 12 დეკემბერს კი წმიდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე აღინშნება. სადღესასწაულო წირვა დილის 8:00 საათზე, ყვარლის ღვთისმშობლის ეკლესიიდან მსვლელობით დაიწყება.