რამდენიმე დღეა, შიმშილობს და, რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება, სხვა ძვალიც გამოუჩნდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლის გადასაწყვეტია, რამდენად კომპეტენტურია დასკვნები, რომლებიც განსახილველად დევს.
„რამდენიმე დღეა, შიმშილობს და, რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება, სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. ეს ყველაფერი იკრიბება ერთ დიდ კალათაში, რომელსაც პიართაღლითობა ჰქვია, რაშიც უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ, იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია. აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება, აბსოლუტურად სხვა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი ფატალური შედეგი არ დადგება, რადგან ელემენტარული ლოგიკა არსებობს. მთელი მისი პოლიტიკური გარემოცვა და მისი ოჯახის წევრებიც არიან ჩართული ამაში, სააკაშვილს უბიძგებენ იქითკენ, რომ თავი დაიზიანოს და თუ ფატალური შედეგი დადგება, ამით ისარგებლებს არა სახელმწიფო და მმართველი ჯგუფი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი რესურსი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება ცუდად იყოს და რაც შეიძლება მეტი პრეტენზია ჰქონდეთ დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ. ასეთია რეალობა“, - ამბობს ვოლსკი.