ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა "ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების" 12-პუნქტიანი გეგმა.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯი, რასაც გამარჯვების შემდეგ გადადგამს იქნება "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა", ასევე "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი".
"კონსულტაციების შედეგად ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში აქტიურად და გამოიყენებს როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით ენმ-ს ყველა რესურს, მათ შორის ფინანსურს", - თქვა ხაბეიშვილმა.
მისივე განცხადებით, მოხდება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია.
"გენერალურ მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ ენმ-ს დამფუძნებელი, პეტრე ცისკარიშვილი და უახლოეს დღეებში, როგორც კი გავიმარჯვებთ არჩევნებში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, როგორ დავაკომპლექტებთ ამ სამდივნოს", - თქვა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, განახლდება თბილისის საქალაქო ორგანიზაცია - "რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მას აირჩევს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციები და ეს მოხდება პირველივე 100 დღეში".
"მეოთხე პუნქტი იქნება ახალგაზრდული ორგანიზაცია ენმ-ში, რომელიც ფაქტობრივად ამ დროისთვის არის ქმედითუუნარო. ამიტომ ავტონომიურ რეჟიმში მყოფი ახალგაზრდული ორგანიზაცია უნდა გახდეს ცვლილებებისა და სიახლეების ეპიცენტრი, ახალი თაობის სამჭედლო უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც ნაციონალურ მოძრაობაში", - თქვა ხაბეიშვილმა.
მე-5 პუნქტი მის გეგმაში არის რეგიონალური ინფრასტრუქტურის გამართვა და რაიონული კონფერენციები აირჩევენ თავმჯდომარეებს.
ხაბეიშვილის გეგმის ნაწილია ენმ-ს საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოყალიბდეს ადგილობრივი თვითმართველობის კონგრესი, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის კარი ღია იქნება.
გეგმის ნაწილია გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია, ენმ-ს მხარდამჭერი ემიგრანტები აღირიცხებიან და ეყოლებათ წარმომადგენლები პოლიტსაბჭოში, ჩამოყალიბდეს სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული, ბიუჯეტის განკარგვა მოხდეს პროექტულად, ენმ-ს ყრილობა იქნება საჯარო, რომელიც ყველა ცვლილებას დაამტკიცებს.