ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ოფისები. არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში ჩავიყვანო სასეირნოდ, არ ვაპირებ, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, რაღაც კანონს ვერ დავარღვევთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მათი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური“.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველა ბარიკადს გადალახავს და არ აპირებს, მათ შორის ფიზიკურად რამეზე უკან დაიხიოს.
„ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიშას გათავისუფლების ოფისები. ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ქართველ ხალხთან და არა კაბინეტ-კაბინეტ პოლიტიკოსებთან სიარულს. მე არ ვაპირებ, ადამიანები სხვადასხვა ქალაქში ჩავიყვანო სასეირნოდ და არ ვაპირებ, კონკრეტული ბარიკადი, რომელიც შეგვხვდება, და იქნება ასეთი წინააღმდეგობები, ხელები ჩამოვუშვათ და ვთქვათ, რომ ახლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ რაღაცა კანონს ვერ დავარღვევთ.
ხელისუფლება არის უკვე კანონგარეშე, რუსულ ოცნებას უკვე გამოცხადებული აქვს თავისი ღია მხარდაჭერა რუსებისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაკვირვებული არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსებს. როცა კანონგარეშეა ხელისუფლება, ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური. არ ვაპირებ, მათ შორის ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.