ამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას ინფორმაციით, დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიამ ოჯახის სასტუმროში გადაიყვანა.
ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე აიღეს.
"პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.