ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება. ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს. ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებებით სრულდება, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი იქნება.
„ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ პირიქით, დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ძალადობის ინტენსიფიკაცია გაუმართლებელ დანაკარგებს იწვევს.
ამასთან, პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე უარს კიევი ამბობს. „ყველა შეიარაღებული კონფლიქტი სრულდება ასე თუ ისე რაღაც სახის მოლაპარაკებებით დიპლომატიურ ველზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ადრე თუ გვიან კონფლიქტის ყველა მონაწილე ჯდება და შეთანხმებას აფორმებს.
„რაც მალე გააცნობიერებენ ამას ისინი, ვინც გვეწინააღმდეგება, მით უკეთესი. ჩვენ ამაზე უარი არასდროს გვითქვამს“, – განაცხადა პუტინმა.